ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ქვეყანაში მიმდინარე საპორტესტო გამოსვლების ფონზე, გადადგომის შესახებ განაცხადა.

პრეზიდნეტის მიმართვა მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჟეენბეკოვმა საკუთარი გადაწყვეტილება ქვეყანაში სისხლისღვრის თავიდან აცილების სურვილით ახსნა.

„სამწუხაროდ, აგრესია არ ცხრება, ჩემი დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნები გრძელდება. შექმნილი სიტუაცია ახლოა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთი მხრივ, დემონსტრანტები, მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანოები. სამხედროები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან, გამოიყენონ იარაღი სახელმწიფო რეზიდენციის დასაცავად. ასეთ შემთხვევაში დაიღვრება სისხლი, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ორივე მხარეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, – განაცხადა სოორონბაი ჟეენბეკოვმა.

გადამდგარმა პრეზიდენტმა ყირგიზეთის ახალ პრემიერ-მინისტრს სადირ ჟაპაროვს და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდა, ბიშკეკის ქუჩებიდან თავიანთი მომხრები გაიყვანონ და ადგილობრივების ცხოვრება ჩვეულ რითმში დააბრუნონ.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა.

ყირგიზეთის პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა, რომელიც მომიტინგეებმა არეულობის დროს გაათავისუფლეს.