ყირგიზეთი და ტაჯიკეთი დღის განმავლობაში სასაზღვრო ზონიდან სამხედრო ძალების გაყვანაზე შეთანხმდნენ
ყირგიზეთი და ტაჯიკეთი დღის განმავლობაში სასაზღვრო ზონიდან სამხედრო ძალების გაყვანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა, კამჩიბეკ ტაშიევმა ტაჯიკურ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სასაზღვრო ზონაში ვითარება 30 აპრილის ბოლომდე სრულად დარეგულირდება. კამჩიბეკ ტაშიევის განცხადებით, მომდევნო დღეების გამავლობაში ყირგიზეთი და ტაჯიკეთი სახელმწიფო საზღვრის პრობლემას მოაგვარებენ, მოხდება დემარკაცია და დელიმიტაცია.
„გპირდებით, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწის არც ერთ მეტრს არ დავთმობ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მიწების გაცვლის გარეშე, არანაირი დემარკაცია არ მოხდება“, – განაცხადა ტაშიევმა.
შეგახსენებთ, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ათზე მეტი კი გარდაიცვალა.