ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად ყირგიზეთის 13 მოქალაქე გარდაიცვალა
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად ყირგიზეთის 13 მოქალაქე გარდაიცვალა

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ყირგიზეთის 13 მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი. ყირგიზეთის მხარეს მსხვერპლთა შორის 13 წლის გოგონაა.

ამასთან, როგორც „ევრონიუსი“ წერს, ტაჯიკეთთან ორი სასაზღვრო რაიონიდან ევაკუირებულია 11 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

გუშინ, დღის მეორე ნახევარში ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხარეები ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. თუმცა ყირგიზეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სროლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ არა ინტენსიურად.

ტაჯიკური მხარე ოფიციალურად მხოლოდ ორი დაშავებულის შესახებ აცხადებს, თუმცა რუსული მედიის ცნობით, ტაჯიკეთის მხრიდან გარდაცვლილია სულ მცირე სამი და დაშავებულია 31 ადამიანი.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საზღვრის სადავო მონაკვეთზე მოხდა. ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა ყირგიზეთის შეიარაღებული ძალები წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ყირგიზეთის მხარე კი კონფლიქტის ესკალაციაში ბრალს ტაჯიკეთს სდებს.

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე იყო.