თბილისში ექვსი ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი გახდა
თბილისში ექვსი ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარია, – ამის შესახებ პირველ არხს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განუცხადეს.
„მათ ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი. პირველად გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს და მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალისტის მიერ გამოწერილ ქვითრებში ჩანს, რომ 4 მაისსა და 12 დეკემბერს ოჯახს მიეცა გაფრთხილება, შეწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება და დაილუქა ონკანი.
თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში წუხელ CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა.