ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოთში მცირე თვითმფრინავების საწვავგასამართი საწარმო გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შპს „ABV ავიაციაზე“ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიკატი გასცა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოთში მდებარეობს და სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჰაერო ხომალდების გამართვას „ჯეტ ა ერთი“ (JET A-1) ტიპის საწვავით განახორციელებს. სერტიფიცირების პროცესი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ საწარმოს ბაზის ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებით დასრულდა.
„საწარმოს ფუნქციონირებით ტურისტულ ზონაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მოქნილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების პირველი პრეცედენტი იქმნება. „ABV ავიაციის“ ავიასაწვავგასამართი საწარმო მომსახურებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოწყობილი მობილური საწვავგასამართი მოდულების მეშვეობით განახორციელებს, სადაც დაცული იქნება როგორც საწვავის ხარისხის, ისე საავიაციო და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სამომავლოდ კომპანია აპირებს, აითვისოს ყველა საკურორტო ზონა, სადაც ვერტმფრენები და სხვა მცირე ზომის საჰაერო ხომალდები ოპერირებენ“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით ადგილზე მომსახურებაზე მოთხოვნა ყაზბეგის ტურისტულ ზონაში საჰაერო მიმოსვლის ზრდით არის განპირობებული.
„ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ქართული და უცხოური ავიაკომპანია აქტიურად ოპერირებს ყაზბეგი-გუდაურის ზონაში „ჰელი-სქი“ თუ ტურისტული ტურების მომსახურების გაწევის მიზნით. შესაბამისად, გაჩნდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავიასაწვავგასამართი საწარმოს ადგილზე ფუნქციონირების აუცილებლობა. ინდუსტრია შიდა ფრენების მიმართულებით აქტიურად ვითარდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების, ასევე ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტის და მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებამ“, – აღნიშნა ლევან კარანაძემ.