ყაზახეთის პრეზიდენტმა ალიხან სმაილოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალიხან სმაილოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. მანამდე, მეჯლისმა სმაილოვის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა.
5 იანვარს საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა დაითხოვა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კი პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი დანიშნა.
მთავრობის დათხოვნის და საწვავზე ფასებზე სახელმწიფო რეგულირების დაწესების მიუხედავად, 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდა და მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ხელისუფლების მთლიანად შეცვლის, ვადამდელი არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის მოთხოვნები წამოაყენეს, დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და ინფრასტრუქტურა. თოყაევმა მომხდარი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა და არეულობის გაჩაღებაში უცხო ძალები დაადანაშაულა, რის შემდეგაც დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა და არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში დაკავებულია რვა ათასამდე ადამიანი, 164 პირი კი გარდაიცვალა.