ყაზახეთის პრეზიდენტი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინადადებით გამოვიდა
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიმდინარე შემოდგომას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
„როგორც იცით, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს უნდა გაიმართოს, საპარლამენტო კი 2025 წელს. გთავაზობთ, მიმდინარე წლის შემოდგომას ჩავატაროთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“, – განაცხადა თოყაევმა.
თოყაევის აზრით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება სახელმწიფოს ინტერსებიდან გამომდინარეობს.
„ხალხის ნდობის ახალი მანდატი საჭიროა ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატებული განხორციელებისთვის სამართლიანი ყაზახეთის შექმნის გზაზე“, – განაცხადა თოყაევმა.
ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაიზარდოს ხუთიდან შვიდ წლამდე, ხელახლა არჩევის უფლების გარეშე.
„ერთი მხრივ, 7 წელი საკმარისი პერიოდია ნებისმიერი ამბიციური პროგრამის რეალიზებისთვის. მეორე მხრივ, საპრეზიდენტო მანდატის ერთი ვადით შეზღუდვა უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფოს მეთაური მაქსიმალურად მიმართული იყოს საყოველთაო ნაციონალური განვითარების სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტაზე“, – განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ 2023 წელს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მან ასევე იანვარში ყაზახეთში მომხდარი არეულობის მონაწილეთა ნაწილის ამნისტიის განკარგულება გასცა.