ყაზახეთის პრეზიდენტი - შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან მძლავრ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას
შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის გაერო-ს სპეციალური პროგრამის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნები ევროპასა და აზიას შორის კონტინენტურ ხიდად გადაიქცა. ეს არის უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც სრულად უნდა გამოვიყენოთ. ამ კუთხით, ყაზახეთი დიდ იმედებს ამყარებს შუა დერეფნის განვითარებაზე. მომავალ წლებში ჩვენ ველოდებით ტვირთების რაოდენობის ზრდას ამ მარშრუტით. დარწმუნებული ვარ, შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ (TEN-T) და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას. ამავდროულად, ყაზახეთი მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განვითარებაში. ვიწვევ ყველა პარტნიორს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის კასპიის ზღვის პორტების შესაძლებლობების გასაფართოებლად, ასევე სატრანსპორტო გემების ერთობლივი წარმოებისთვის“, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.