ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 170 944 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 9 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები.

„დღეისათვის დაყადაღებულია მიწის ერთი ნაკვეთი, ტარდება სათანადო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.