ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა პირთა ჯგუფი ამხილა
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა პირთა ჯგუფი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ დაფუძნებულ იქნა ორი ფიქტიური კომპანია, რომელთა გამოყენებითაც, მათ მიერ თავიანთ მმართველობაში არსებულ მოქმედ საწარმოებზე გაწერილ იქნა, ჯამში, რვა ერთეული ყალბი ანგარიშფაქტურა, თითქოსდა სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს და შემდგომ გამოიყენეს 103 469 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი. ტარდება შესაბამისი პროცედურები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.