ყაჩაღობაში ბრალდებულს რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყაჩაღობაში ბრალდებულს რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ი.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თაღლითობის თვის ნასამართლევმა ი.ხ.-მ,  ბოლნისის რაიონში მდებარე მარკეტში მოლარეს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა მოსთხოვა. ი.ხ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ვინაიდან აღნიშნული მარკეტის წინ მოქალაქეები გამოჩდნენ.

სამართალდამცველებმა ი.ხ. 2017 წლის 25 აპრილს  დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.