წყნეთში სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, ძველი თბილისის მეოთხე სამმართველოს უფროსი დაიკითხა 
წყნეთში სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, ძველი თბილისის მეოთხე სამმართველოს უფროსი დაიკითხა 

30 წლის ზურაბ გველესიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, ერიკ წურწუმიას სასამართლო პროცესზე ძველი თბილისის მეოთხე სამმართველოს უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი დაიკითხა.

სასამართლო პროცესზე ქვაჭრელიშვილმა განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს სამსახურის ავტომანქანით ერიკ წურწუმიასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მეექვსე სამმართველოს თანამშრომელმა, გიორგი ბოჟაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სახლთან ახლოს ბავშვს ასეირნებდა, რა დროსაც შენიშნა მოქალაქე, რომელიც მიწას საეჭვოდ თხრიდა, სავარაუდოდ ნარკოტიკს ეძებდა.

სამმართველოს უფროსის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ორივე თუ მივიდოდა, პოტენციურ დამნაშავეს მათზე ეჭვი გაუჩნდებოდა, რომ პოლიციელები იყვნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, მანქანიდან ერიკ წურწუმია გადასულიყო, თავად კი 70-100 მეტრის მოშორებით ავტომანქანიდან მიედევნებინა თვალყური.

„პიროვნება ჩამუხლული იქექებოდა. დავგეგმეთ, ერიკი მარტო გადასულიყო, ენახა, რა სიტუაცია იყო და ხელის მოძრაობით მანიშნებდა, თუ არაფერი არ იქნებოდა. წურწუმიამ მითხრა, მე გადავალ, სიტუაციას ოპერატიულად შევაფასებო. დავეთანხმე, სწორი გადაწყვეტილება იყო. ტროტუარი გაიარა, გაჩერდა წურწუმია ტაქსის მძღოლთან. მე ავტომობილი დავქოქე, წურწუმია იქედან მანიშნებს, გაჩერდიო და ავტომობილი გავაჩერე. ვრეკავ სამსახურში და ვიბარებ პილიციელებს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა შესაძლოა, ღონისძიება დაგეგმილიყო. 10-15 წუთი გრძელდებოდა. წურწუმია და ტაქსის მძღოლი იდგნენ. გამოდის ჯიხურიდან დარაჯი, ნიჩაბი გამოაქვს, გველესიანს აძლევს ნიჩაბს, იწყებს თხრას. ავტომობილთან სწრაფ მოძრაობას იწყებს გველესიანი. იარაღი რომ ამოიღო წურწუმიამ, მე ვერ დავინახავდი, ავტომანქანები იდგნენ წინ. ვხედავ, რომ გველესიანსა და წურწუმიას შორის მიმდინარეობს ჭიდაობა და გველესიანი აპირებდა გაქცევას. ზუსტად კარების გაღება და გასროლის ხმა იყო დინამიკაში პარალელურად. ორივე პირქვე ეცემა. ერიკი მეუბნება, გადაყლაპა ნარკოტიკი და ცუდად არ გაგვიხდესო. ცოცხალი იყო, ხელებს იქნევდა, რაღაცებს ამბობდა. ამ დროს იარაღი გასროლილი იყო, თუმცა მე ვერ დავინახე, გასროლის მხოლოდ ხმა გავიგე. ერიკს ხელებით იგერიებდა.

სასწრაფოს დავურეკე, გულის მასაჟის კეთება დავუწყე. სისხლი ფიზიკურად არსად არ იყო. არ მქონდა აღქმა, რომ მას ტყვია მოხვდა, მეგონა, მისი მდგომარეობა ნარკოტიკებით იყო გამოწვეული. რაღაც პერიოდის შემდეგ დავინახე სისხლი. რომ ავწიე, ნატყვიარი ჰქონდა. ტაქსის მძღოლმა მითხრა, ნუ აწვალებ მოკვდაო. ერიკს შევხედე, ფერი არ ჰქონდა. მას ვუთხარი, რომ იარაღი მოეცა. იარაღი ჩავდე დარაჯის მიერ მოცემულ ცელოფანში და შემდეგ ჩემს ავტომანქანაში.

ჩემს უფროსს დავურეკე და მოვიდნენ ექსპერტები, ყველა, გადავკეტეთ შემთხვევის ადგილი. დარაჯსა და ტაქსის მძღოლს ვკითხე, იარაღი რა დროს გაისროლა-მეთქი. ავტომობილთან რომ მივიდა, იარაღი ამოიღო და სდექ პოლიციაა, უთხრაო. მან ხელი ჩამოურტყა, რა დროსაც იარაღი გაუვარდაო. ამას ვერბალურად ეთანხმებოდა ტაქსის მძღოლი. ტაქსისტმაც და დარაჯმაც დამიდასტურეს, რომ ნარკოტიკი გადაყლაპა. მანამდე ეს ერიკმა მითხრა.

მათგან მაქსიმუმ 4-5 ნაბიჯის დაშორებით ვიყავი, გასროლის ხმა რომ გავიგონე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავეცი იარაღი. შემთხვევის ადგილიდან გავყევი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ის მოწმეები იყვნენ ადგილზე იყვნენ. საათი, საათ-ნახევარი ადგილზე იმიტომ ვიყავით, რომ ველოდებოდით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსვლას. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოწმეები პოლიციის განყოფილებაში გადაეყვანათ. მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მომხდარიყო, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ისინი სამმართველოში ჩაიყვანა, ოთახში ისხდნენ და მათ არავინ გაჰკარებია. იქედან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოსაკითხად წაიყვანა.

პოტენციურ დამნაშავეს თუ იარაღი არ აქვს ან დანა, ჩემთვის იარაღის გამოყენება მიუღებელია. წაქცევის შედეგად შეიძლებოდა დაზიანება მიეღო, ერთი დაზიანება შევნიშნე ზურაბ გველესიანს. დროის უდიდესი ნაწილი წურწუმია და გველესიანი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. გველესიანს გაქცევა არ უცდია წურწუმიას დანახვაზე, მაშინ არ იცოდა, რომ პოლიციელი იყო. პოლიციის შესახებ კანონიდან გამომდინარე, როდესაც პირი არ ემორჩილება პოლიციის მოწოდებას, პოლიციელს გამაფრთხილებელი გასროლის უფლება აქვს, თუ სხვის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ან დამნაშავე, ძებნილი გარბის“, – განაცხადა ქვაჭრელიშვილმა“.

შემთხვევა წყნეთში 2022 წლის 18 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველს დაკავებისას ახალგაზრდამ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციელს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს გაიმართება.