წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიენ ჰუსონ დე სამპინიმ დაათვალიერეს.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წყნეთი-ბეთანიის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.