წყალტუბოში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გაიმართება
წყალტუბოში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გაიმართება

წყალტუბოში დღეს „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართება.

ფორუმს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახსნის.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში რეგიონულ ეკონომიკას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითად გამოწვევებს განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელები და ბიზნესმენები.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით 2018 წელს დაფუძნდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, ცხრა რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და „ვორლდ ვიჟენი“ (World Vision). ღონისძიება იმართება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.