ირაკლი ღარიბაშვილი - ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების მიმართ, მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების მიმართ, მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში

რაც მთავარია, ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში. გულდასმით გავითვალისწინეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ყველა წინადადება და ძლიერ წინსვლას მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში, სამუშაო პანელზე – „სატრანსპორტო დერეფნები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ ქართველი ხალხი ელოდება, რომ საქართველოს შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად იქნება შეფასებული.

„გულდასმით, ერთგულებით და ჯეროვნად შემუშავებული გეგმით ჩვენი ერის ცივილიზაციური ბედისწერის რეალიზებისა და ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის მოუთმენლად ველით კანდიდატის სტატუსის მიღებას. აშკარაა, რომ საქართველოს მოგზაურობა ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენი გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისკენ ურყევი ერთგულებითა და გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ ვრჩებით ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ერთგულნი. დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და გამჭვირვალობის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია. საქართველო, როგორც ევროპული ერი და ბუნებრივი, გლობალური კარიბჭე, მზადაა, გააძლიეროს ევროკავშირი და წვლილი შეიტანოს მის უკეთეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.