პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, წყალტუბოში, განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი ოფიციალურად გაიხსნა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 72-ნომრიანი კომპლექსი ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში და მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს, როგორც უნიკალური, ბუნებრივი რესურსების მქონე დასასვენებელი კურორტის პოზიციონირებაა.
კომპლექსი მოიცავს რესტორანს, საკონფერენციო სივრცეს და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ სამედიცინო-სამკურნალო პროცედურები, ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით.
პირველი ორი წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 9 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 170 სამუშაო ადგილი.
2019 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 111 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 289.6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 111 სასტუმრო შექმნის 3 380-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 890-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.