საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოტური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ამის შედეგად ქალაქი ინვესტორებისათვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გახდება.
„დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველსაყოფად, 23 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი. საკონკურსო წინადადების მიღება 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 2020 წლის 27 იანვარს დასრულდება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება უნდა განახორციელოს გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის ვადაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით ორ თვეში, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე, განისაზღვრება კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები. ეს შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი პირობებით, საპრივატიზაციოდ მოამზადოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გასასხვისებელი ობიექტები. სამუშაოთა პირველივე ფაზაში, გენგეგმის საჯარო განხილვების პარალელურად, დაზუსტდება საპრივატიზაციო ობიექტების რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობების მიზანშეწონილობა. ასევე, კომპლექსურად გაანალიზდება წყალტუბოს მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები. ქალაქთმშენებლობითი გეგმები, ერთის მხრივ, კურორტს შეუნარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას და მეორეს მხრივ, არ შეაფერხებს მის განვითარებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აწარმოებენ სამუშაოებს მინერალური წყლის საბადოს და კურორტის სანიტარიული დაცვის ზონების დასადგენად. მონაცემები გადაეცემა გამარჯვებულ კონკურსანტს ქალაქთმშენებლობით გეგმებში ამ მონაცემების გათვალისწინების მიზნით.