მკვლევრები ჯერ კიდევ ბჭობენ, კვლავ მიედინება თუ არა თხევადი წყლის ნაკადები წითელ პლანეტაზე. 2015 წელს, NASA-მ ყველა გაგვაოგნა, როდესაც თქვა, რომ კი. თუმცა ცოტა ხნის წინ, სრულიად საწინააღმდეგო მოვისმინეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვერდიქტი ჯერ კიდევ უცნობია, როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, შეიძლება საჭირო გახდეს მარსზე წყლის ისტორიის შესახებ არსებული ჩვენეული წარმოდგენის ხელახლა გადაწერა — წითელი პლანეტა შესაძლოა იმაზე გაცილებით მეტ წყალს ფლობს, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდით, მაგრამ არა იმ ადგილებში, სადაც ვეძებთ.
ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მილიარდობით წლის წინ მარსი ცხელი, ტენიანი პლანეტა იყო, არის უძველესი ფილოსილიკატები, ანუ თიხები, რომლებიც წითელი პლანეტის ზედაპირზე მრავლადაა მიმოფანტული კლდოვან ფორმაციებში.
ჩვეულებრივ, ბევრი მკვლევრის ვარაუდით, ამ თიხის არსებობა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ წითელი პლანეტის შორეულ წარსულში, იქ უნდა ყოფილიყო არსებითი ურთიერთქმედება ვულკანურ ქანებსა და ზედაპირის წყალს, მიწისქვეშა წყლებს ან აქტიურ ჰიდროთერმულ სისტემას შორის.
მაგარამ ასე სულაც არ ფიქრობს პლანეტარული გეოლოგი კევინ ქენონი.
ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრის თქმით, ეს თიხა შეიძლება წარმოქმნილიყო ძალიან განსხვავებული სახის წყლით: პირვანდელი ნაკადულის აუზი, რომელსაც პლანეტის დასაბამში კვებავდა ვულკანური მაგმის ოკეანე.
„მაგმის წარმოქმნის მთავარი რეცეპტია აიღოთ კლდის ქანი და დაუმატოთ ცხელი წყალი. მაგმის ოკეანის მიერ წარმოქმნილ პირვანდელი ატმოსფეროს წყალობით, იმ დროისთვის მარსი ყველაზე ცხელი და ტენიანი უნდა ყოფილიყო“, — ამბობს ქენონი.
ამ ჰიპოთეტური სცენარის მიხედვით, როდესაც ძალიან ახალგაზრდა მზის სისტემაში მარსი წარმოიქმნა, სხვა კლდოვან პლანეტათა მსგავსად, დაფარული უნდა ყოფილიყო გამდნარი მაგმის ოკეანით.
ქენონის და მისი ჯგუფის აზრით, როდესაც გარემო გაცივდა და ოკეანეები გამყარდა, პლანეტის შიგნით არსებული წყალი უნდა ამოსულიყო ზედაპირზე, ატმოსფეროში გაფანტულიყო და წარმოექმნა პლანეტის სქელი, ტენიანი ნისლის საბურველი.
ამ პირველად საუნას ახლად გამყარებული ზედაპირის ქანები უნდა გარდაექმნა ვრცლად გადაჭიმულ თიხად, რომელიც შემდეგ, მილიარდობით წლის განმავლობაში, ვულკანური აქტივობისა და ასტეროიდთა ბომბარდირების შედეგად უნდა გადაადგილებულიყო და დაეტოვა ფილოსილიკატების ის ნარჩენები, რომლებსაც დღეს ვხედავთ წითელი პლანეტის ზედაპირზე.
ჯგუფი კარგად აცნობიერებს იმასაც, რომ ეს სცენარი, რომელიც შთაგონებულია ადრეული მზის სისტემის მაგმის ოკეანეების შესახებ ჩატარებული წინა კვლევებით — მაინც სპეკულაციური რჩება.
მაგრამ ამ მოსაზრებას დამატებით წონას სძენს მკვლევართა მიერ ჩატარებული კომპიუტერული სიმულაციები. ექსპერიმენტის ფარგლებში, მარსის ბაზალტის მსგავსი სიმტკიცის ქანი, ორი კვირის განმავლობაში მოათავსეს ცხელი, მაღალი წნევის ნაკადის აბაზანაში. შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა ნიმუშთა თვისებები.
თუკი პირვანდელი სათბურის იდეა მართებულია, ეს აღმოჩენა უძველესი მარსის ისტორიის ერთი უბრალო მონაკვეთი როდია. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ წითელი პლანეტის წყლიანი წარსული არც ისე სტაბილური და ხანგრძლივი იყო, როგორც წარმოგვედგინა.
„სამაგიეროდ, თბილი და ნოტიო გარემო შეიძლება შეიზღუდა მარსის ადრეულ ისტორიაშივე, 4,5 მილიარდი წლის წინ, როცა მაგმის ოკეანე გარემომცველ ტემპერატურამდე გაცივდა“, — უთხრა ქენონმა გამოცემა ScienceAlert-ს.
„იქვე უნდა ყოფილიყო ერთი ფანჯარა, როდესაც ტემპერატურა სიცოცხლის აღმოცენებისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გახდებოდა, მაგრამ რამდენ ხანს გასტანდა ეს ფანჯარა? მას შემდეგ, რაც პლანეტა მთლიანად გაცივდა და მაგნიტრი ველი გაუჩინარდა, დიდი ალბათობით, სიცოცხლე თავს შეაფარებდა ზედაპირქვეშ, თუკი იქ გადარჩენის რაიმე შანსი ექნებოდა“.
ამდენად, ეს სცენარი ალბათ უფრო ნიშნავს იმას, რომ მარსზე სიცოცხლისა და წყლის ძიებისკენ მიმართული ადამიანთა სამომავლო ძალისხმევა, არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზედაპირზე ან მის სიახლოვეს. ეს ყველაფერი უნდა ვეძიოთ მიწისქვეშ, საკმაოდ ღრმად, სადაც შეიძლება ჯერ კიდევ რჩება იზოლირებული თიხისა და სხვა მინერალების ოქროს მაღარო.
„პირვანდელი თიხის სცენარი პროგნოზირებს პოტენციურად გაცილებით მეტ წყალს (ვიდრე სხვა ჰიპოთეზები), მაგრამ წყალს, რომელიც ჩაჭედილია მინერალებში და ჩამარხულია ზედაპირიდან მრავალი კილომეტრის სიღრმეში“, — უთხრა ქენონმა ScienceAlert-ს.
„ჩვენი შეფასებით, ეს იზოლირებული წყალი შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რათა პლანეტა ნახევარი კილომეტრის სისქის ფენით დაფაროს“.
მოსაზრება საკმაოდ არაერთგვაროვანია. ჯგუფის სცენარის სიზუსტეში მანამ ვერ დავრწმუნდებით, სანამ უფრო მეტი არ გვეცოდინება მარსის თიხის თვისებების შესახებ.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ ფრონტზე მათ დიდ დახმარებას გაუწევს NASA-ს მომავალი მავალი, რომელიც 2020 წელს წითელ პლანეტაზე ზუსტად იმ ადგილას დაჯდება, სადაც წარმოდგენილია პირვანდელი თიხები.
„ამ მასალის ნიმუშების აღებით შეიძლება პასუხი გავცეთ მარსის ისტორიის ადრეული ეტაპის შესახებ არსებულ უდიდეს კითხვებს“, — აღნიშნავს ქენონი.
„ეს თიხები, ისევე როგორც წყლის შემცველი სხვა მინერელები, შეიძლება წყლის წყაროდ გამოიყენონ მომავალმა ასტრონავტებმა“.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით