წონაში კლების ახალმა პრეპარატმა ცდებში დადებითი შედეგი აჩვენა — #1tvმეცნიერება
ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ს განცხადებით, ახალი კლინიკური ცდების საფუძველზე აპირებს, რომ მოითხოვოს, აშშ-ის ბაზარზე წონაში კლების მედიკამენტად დამტკიცდეს საკუთარი წარმოების დიაბეტის პრეპარატი.
Tirzepatide, რომელიც ამჟამად Mounjaro-ს სახელით არის დამტკიცებული მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ, კვირაში ერთხელ, ინექციის სახით კეთდება.
კომპანიის განცხადებით, ცდები 72 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა 900-ზე მეტ ზედმეტწონიან და ჭარბწონიან მონაწილეზე, რომლებსაც მე-2 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი ჰქონდათ.
Eli Lilly-ს ცნობით, მათ, ვინც ცდებში ყველაზე მაღალი დოზა მიიღო, სხეულის წონის საშუალოდ 15,7 პროცენტი (15,6 კგ) დაიკლეს; ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი იყო კუჭ-ნაწლავის მსუბუქი ან საშუალო პრობლემა, მაგალითად, ღებინება და ფაღარათი.
ინდიანას შტატში ბაზირებული კომპანია აცხადებს, რომ აშშ-ის შესაბამის უწყებას პრეპარატის დამტკიცების მოთხოვნით უახლოეს კვირებში მიმართავს.
წინა კლინიკურ შედეგები დიაბეტის არმქონე ჭარბწონიან და ზედმეტწონიან მონაწილეებზე ჩატარდა; შედეგები 2021 წლის ივნისში გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში და წონის კიდევ უფრო მეტი კლება აჩვენა — 21 პროცენტი.
წონის კლების ბოლო დროს გაპოპულარულებული სხვა პრეპარატების მსგავსად, tirzepatide ჰბაძავს კუჭ-ნაწლავის ჰორმონ GLP-1-ს და თავის ტვინში ააქტიურებს მადის მარეგულირებელ რეცეპტორებს.
დიაბეტის სამკურნალოდ Mounjaro აშშ-ში 2022 წლის მაისში დამტკიცდა, მაგრამ ზოგიერთი ექიმი პაციენტებს მას უკვე უწერენ წონაში კლებისთვისაც.
მრავალი სპეციალისტი თვლის, რომ GLP-1-ს ანალოგები თამაშის წესებს შეცვლიან, რადგან ისინი წონაში გაცილებით მეტ კლებას განაპირობებენ, ვიდრე აქამდე ხელმისაწვდომი პრეპარატები.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Novo Nordisk-ი აშშ-ში უკვე ყიდის წონაში კლების პრეპარატ Wegovy-ს. მედიკამენტი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2021 წლის ივნისში დაამტკიცა. GLP-1-ის მისაბაძად, ეს პრეპარატი სხვა ქიმიურ ნივთიერებას, სემაგლუტიდს იყენებს.
დანიური კომპანია Ozempic-ის წარმოებული პრეპარატი, რომელიც ასევე სემაგლუტიდს იყენებს, ბოლო დროს პერიოდულად დეფიციტშია, მას შემდეგ, რაც ის სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო წონაში კლების ეფექტების გამო.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.