წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, ვინაიდან კორონავირუსი დაუდასტურდა საკარანტინო ზონაში მყოფ პირს, რომელიც მანამდე აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ინფიცირებული ქალბატონი თეთრიწყაროდანაა და ის ექთანია.

ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, მას გუდაურში, საკარანტინო სივრცეში ყოფნის დროს, თავდაპირველად არც სწრაფი და არც „პისიარ“ ტესტის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მას ვირუსი არც „ცხელების ცენტრში“ დაუდგინდა, თუმცა საკარანტინო ზონის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, საკონტროლო ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

„ჩვენს კლინიკაში პაციენტი პნევმონიით შემოვიდა პირველ მაისს, ვუმკურნალეთ და პალატიდან გაეწერა 8 მაისს, რის შემდეგაც გუდაურის საკარანტინო ზონაში დაბრუნდა, სადაც მანამდეც იმყოფებოდა, რადგან ქალბატონი თეთრიწყაროდანაა და ის არის ექთანი.

კარანტინში ჩაუტარდა სწრაფი და „პისიარ“ კვლევა, თუმცა ორივეს პასუხი იყო უარყოფითი. მაგრამ რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჩვენთან გადმოყვანამდე ასევე იმყოფებოდა „ცხელების ცენტრში“, მცხეთაში, თუმცა ვირუსი არც იქ დაუდგინდა.

ამის შემდეგ, რადგან პაციენტს ჰქონდა ჩივილები, მოთავსდა ჩვენთან პნევმონიით, გავწერეთ და გადავიდა ისევ საკარანტინო ზონაში, რომლის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, საკონტროლო ტესტმა აჩვენა დადებითი პასუხი. ამის შემდეგ ჩვენი მედპერსონალი, 30 ადამიანი გადავიდა თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მედპერსონალის კვლევის პასუხები უარყოფითია.

„ისინი უკვე შემოწმდნენ „პისიარით“ და სწრაფი ტესტით. პასუხები უარყოფითია, თუმცა პროტოკოლის გათვალისწინებით, იზოლაციის პირობებში რჩებიან“, – დასძინა ზაზა ლურსმანაშვილმა.