WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური დასრულდა. ოთხშაბათს, კორტი წითელი ჯგუფის წევრებს დაეთმოთ.
პირველები კორტზე გერმანელი ანჟელიკ კერბერი და იაპონელი ნაომი ოსაკა გავიდნენ, რომლებმაც პირველი ტურის მატჩები წააგეს.
მარათონული შეხვედრა ორი საათი და 33 წუთი გაგრძელდა. პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებს საკუთარი მოწოდებების შენარჩუნება უჭირდათ და ჯამში 10 ბრეიკი დაფიქსირდა. მესამე სეტში ოსაკა თითქოს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო, კერბერმა კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა.
გერმანელმა – 6:4, 5:7, 6:4 მოიგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
დღის მეორე მატჩში ლიდერობისთვის, ამერიკელი სლოან სტივენსი და ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი იბრძოდნენ. ამ უკანასკნელს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა – ცხრიდან შვიდი, მაგრამ ამას 47 უნებლიე შეცდომა დაურთო და ამით სტივენსს სამ სეტში მოგებაში დაეხმარა – 7:6(4), 2:6, 6:3. ბერტენსს შეეძლო სეტის მოგება მესამე – სტარტზე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ, სტივენსი ინიციატივას საბოლოოდ დაეუფლა, ორი ბრეიკი შეასრულა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ორი ტურის შემდეგ, ორი მოგებით სტივენსი ლიდერობს. შემდეგ თითო მოგებით ბერტენსი და კერბერი მოდიან. ოსაკას მოგება არ აქვს.
ბოლო ტურში ერთმანეთს კერბერი და სტივენსი შეხვდებიან, ბერტენსი კი ოსაკას დაუპირისპირდება.