წითელი, ცხელი პლანეტა - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
წითელი, ცხელი პლანეტა - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გასულ კვირაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მრავალ ადგილას, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ კლიმატის მონაცემების შენახვა დაიწყო.

ნახევარსფეროს მასშტაბით მიმოფანტული თბოტევადობისა და ე. წ. სიცხის გუმბათების წყალობით, მრავალ ზონაში ტემპერატურამ გაუსაძლისად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

რომელიმე კონკრეტული, განცალკევებული შემთხვევის დაკავშირება გლობალურ დათბობასთან არასწორია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში ხშირად ფიქსირდება ექსტრემალური ტემპერატურები, უკვე სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ანომალიები გლობალურ დათბობას დაუკავშირდეს.

ტემპერატურის უმაღლესი ნიშნულები წინა კვირაში მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

ჩრდილოეთ ამერიკა

  • 28 ივნისს, დენვერში ტემპერატურამ ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელს, 40,5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
  • 2 ივლისს, მონრეალში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ბოლო 147 წლის განმავლობაში, 36,6 გრადუსი ცელსიუსი.
  • 1-ელ ივლისს, ოტავაში დაფიქსირდა ტენიანობისა და სიცხის უკიდურესად მაღალი კომბინაცია.

ევროპა

  • 28 ივნისს, შოტლანდიაში, გლაზგოს სიახლოვეს, ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 33,2 გრადუსს მიაღწია. წინა რეკორდი 2003 წლის აგვისტოში დაფიქსირებული 32,9 გრადუსი იყო.
  • 28 ივნისს, რეკორდები დამყარდა ირლანდიაშიც.

ბელფასტი — 29,5 °C

შენონი — 32 °C

  • ჩრდილოეთ ირლანდია, სოფელი კასლდერგი — 30,1 °C, ასევე რეკორდი.
  • ერევანი. სომხეთის დედაქალაქში 2 ივლისს ტემპერატურამ ივლისის რეკორდულ ნიშნულს, 42°C-ს მიაღწია.

საერთო ჯამში, გასული 15 თვის განმავლობაში, დედამიწაზე დაფიქსირებულია სიცხის მრავალი რეკორდი. ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა პლანეტას სულ უფრო აცხელებს.

  • 2018 წლის აპრილში, პაკისტანში დაფიქსირდა ამ თვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა მთელ დედამიწაზე, 50,2 გრადუსი ცელსიუსი.
  • ნოემბერში, დალასში არასოდეს დაფიქსირებულა 32°C, მაგრამ სწორედ ასე მოხდა 2017 წელს, ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში.
  • 2017 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კალიფორნიაში ტემპერატურამ 42,2 გრადუსს მიაღწია, რაც აშშ-ში შემოდგომის რეკორდია.
  • 2017 წლის ივლისის ბოლოს, მაღალი ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა შანხაიში, 40,9 °C.
  • 2017 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ესპანეთის რეკორდი ქალაქ კორდობის აეროპორტში დაფიქსირდა, 46,9 °C.
  • 2017 წლის ივნისის ბოლოს, ირანის ქალაქ აჰვაზში ტემპერატურამ ქვეყნის რეკორდულ ნიშნულს, 53,7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
  • 2017 წლის მაისის ბოლოს, პაკისტანის ქალაქ ტურბატში დაფიქსირდა მაისის მსოფლიო რეკორდი, 53,5 °C.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.