წითელ ზღვაში იემენელი მეამბოხე ჰუსიტების მიერ გემებზე მიტანილ იერიშებს 44 ქვეყანა გმობს
წითელ ზღვაში იემენელი მეამბოხე ჰუსიტების მიერ გემებზე მიტანილი იერიშები 44-მა ქვეყანამ დაგმო, – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში უკანონო და მიუღებელია. ეს სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს. სამოქალაქო და სამხედრო გემებზე თავდასხმებს გამართლება არ აქვს. ეს საფრთხეს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე გლობალური ვაჭრობის დასაყრდენს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
44 ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰუსიტების ქმედებები მთელ მსოფლიოში ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და ამ პრობლემის გადაჭრა კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს.
„წითელ ზღვაზე მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის 15% გადის, მათ შორის მარცვლეულით ვაჭრობის 8%, ნავთობით ვაჭრობის 12%. საერთაშორისო სანაოსნო კომპანიები ხომალდების სხვა მარშრუტებზე გადამისამართებას ახდენენ, რაც მიგვიყვანს პროდუქტების გაძვირებასთან, მრავალკვირიან შეფერხებებთან და გაართულებს სურსათის, საწვავისა და ჰუმანიტარული ტვირთების გადაადგილებას მთელ მსოფლიოში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ცნობით, ჰუსიტი მეამბოხეების მიერ გემებზე თავდასხმის გამო წითელი ზღვით ტვირთების გადატანაზე უარი 18-მა გადამზიდავმა კომპანიამ განაცხადა.