კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტისა და ოვიდეოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ორი ახალი პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს. ერთ-ერთ მათგანში დედამიწის ზომის სამი პლანეტაა.
აღმოჩენა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისია K2-ის მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა. ორი ახალი პლანეტური სისტემის პოვნა ტრანზიტის მეთოდით მოხერხდა. ამ დროს, პლანეტები თავიანთ დედავარსკვლავსა და ტელესკოპს შორის ჩავლისას იწვევენ ვარსკვლავის სინათლის მცირე ჩაბნელებებს.
პირველი ეგზოპლანეტური სისტემა მდებარეობს M3V-ტიპის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-239-თან. ეს ვარსკვლავი მოქცეულია სექსტანტის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან160 სინათლის წლის მანძილზე. მისი ტემპერატურა მზისაზე თითქმის ორჯერ ნაკლებია, 3 176 გრადუსი ცელსიუსი. გააჩნია კომპაქტური სისტემა, რომელშიც შედის დედამიწის ზომის სამი კლოდვანი პლანეტა; თითოეული მათგანი დედავარსკვლავს გარს უვლის 5,2, 7,8 და 10,1 დღეში ერთხელ.
მეორე ვარსკვლავიც წითელი ჯუჯაა, სახელად K2-240. მის გარშემო მოძრაობს სუპერდედამიწის ტიპის ორი პლანეტა, ანუ დედამიწაზე დაახლოებით ორჯერ დიდი ეგზოპლანეტა. ვარსკვლავის ტემპერატურა 3526 გრადუსი ცელსიუსია.
მკვლევართა აზრით, ახლად აღმოჩენილ ყველა პლანეტას ზედაპირის ტემპერატურა დედამიწისაზე გაცილებით მაღალი ექნება, რადგან ისინი დედავარსკვლავებისგან საკმაოდ მძლავრ რადიაციას იღებენ.
შემდეგ ეტაპზე, უფრო მძლავრი ტელესკოპების გამოყენებით, ასტრონომები გეგმავენ გაარკვიონ ამ პლანეტების ატმოსფეროს შემადგენლობა, მასა, სიმკვრივე და სხვა ფიზიკური მახასიათებლები.
მომზადებულია iac.es-ის მიხედვით