წინასწარი მონაცემებით, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ბრანდენბურგის მიწაზე სამხარეო პარლამენტის არჩევნებში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა
წინასწარი მონაცემებით, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ბრანდენბურგის მიწაზე სამხარეო პარლამენტის არჩევნებში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბრანდენბურგის მიწაზე სამხარეო პარლამენტის არჩევნებში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

რეგიონული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 30,9% მოიპოვა, რითიც 2019 წლის შედეგები გააუმჯობესა. მეორე ადგილი დაიკავა ულტრამემარჯვენეების პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 29,2%-ით. ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას მოითხოვდნენ. მესამე ადგილი დაიკავა „სარა ვაგენკნეხტის კავშირმა“, რომელმაც ხმების 13,5% მიიღო, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ კი 12,1% აქვს.

„მწვანეთა პარტიამ“ , „მემარცხენეებმა“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „თავისუფალმა ამომრჩევლებმა“ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და რეგიონულ პარლამენტში მოსახვედრად მანდატი ვერ მოიპოვეს.

წინასწარი საბოლოო შედეგების თანახმად, „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ არ ექნებათ საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა, მათ ამისთვის ერთი მანდატი აკლიათ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიციური პარტნიორი, შესაძლოა, გახდეს „სარა ვაგენკნეხტის ალიანსი“ ან სამპარტიული კოალიცია „სარა ვაგენკნეხტის ალიანსთან“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ ერთად.

ცნობისთვის, პოტსდამის რეგიონულ პარლამენტში 88 ადგილია შესავსები.