პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს, წიაღის სექტორის მართვის რეფორმა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გააცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „ტექნოპარკში“ გამართულ შეხვედრას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი და აგრეთვე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში წიაღის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთელი ექსპორტის მესამედი სამთო მოპოვებაზე მოდის, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორში მეტი ინვესტიცია იყო მოპოვებული.
დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, რეფორმის მთავარი მიზანია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურული გაუმჯობესება, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაცია, იმისთვის რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, პრეზენტაცია გამართა წიაღის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია ზავრაშვილმა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული, შეეხება შესწავლის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირებს. კერძოდ, შეიცვლება საწყისი სალიცენზიო ფასი და ჰექტარზე 500 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი.
„სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე აღინიშნა, რომ გადაიხედება შესწავლის მიზნებისთვის გასაცემი სალიცენზიო ფართობების მასშტაბიც და მათი ზედა ზღვარი დადგინდება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესასწავლი რესურსის სახეობის, ფართობის მდგომარეობისა და შესწავლის ვადის გათვალისწინებით ისე, რომ შესასწავლი ფართობი ადეკვატური იყოს შესწავლის ვადასთან.
დეტალურად განისაზღვრება ასევე შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის გეგმა-გრაფიკი და გამოყენებული იქნება ე.წ. ბონდინგის სისტემა, რაც გულისხმობს შესასრულებელი ვალდებულებების საბანკო გარანტიით უზრუნველყოფას.
აღნიშნული დამატებით დააზღვევს ფართობების შესწავლის გარეშე დატოვების რისკებს. დაწყებული რეფორმის ფარგლებში მოხდება ასევე წიაღისეული რესურსების შესწავლის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
მადნეულ რესურსებთან მიმართებაში ნორმატიულად დადგინდება მარაგების ანგარიშის JORC-ის სტანდარტით წარმოდგენის ვალდებულება. ამასთან ყველა ტიპის რესურსთან მიმართებაში მარაგების ანგარიშის წარმოდგენისას სავალდებულო იქნება „კვალიფიციური პირის“ ჩართულობა. ეს კი თავის მხრივ იქნება გარანტია წარმოდგენილი იქნას მაღალკვალიფიციური ანგარიშები.
დღესვე შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კერძო სექტორს გეოლოგიური ფონდების ელექტრონული კატალოგი წარუდგინა. აღნიშნული საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მიიღონ მათთვის საინტერესო გეოლოგიური ინფორმაცია პირდაპირ ინტერნეტ სივრციდან, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისა და დროის დაკარგვის გარეშე. რაც ძალიან დიდი კომფორტია ამ ინფორმაციით დაინტერესებული პირებისათვის. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები წიაღის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგულარულად გაიმართება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.