წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტები გამოავლინა
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტები გამოავლინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხუთი სალიცენზიო ობიექტის შემოწმების შედეგად, ორში დარღვევა აღმოაჩინა. შემოწმება-დათვალიერება სოფლების – ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარედ მდინარე აჭისწყალზე მოხდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი სუბიექტი სასარგებლო წიაღისეულს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვებდა, რის გამოც  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მომზადდა და შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნება.

სამინისტროს ინფორმაციით, დათვალიერება-შესწავლით და მასალების კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ორი ლიცენზიანტიდან ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელი ქვიშა-ხრეშს  სალიცენზიო კონტურს გარეთ მოიპოვებდა, რასთან დაკავშირებითაც კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები უფლებამოსილ ორგანოში გაიგზავნა.

სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ლიცენზიის მფლობელებს და წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, სააგენტოში მისი წარდგენისა და თანხმობის მიღებამდე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.

უწყება განმარტავს, რომ წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან სამუშაოების დაწყებამდე სავალდებულო წესით უნდა შეთანხმდეს.

რაც შეეხება დარჩენილ სამ ობიექტს, დათვალიერება-შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი არ აწარმოებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს.