წავკისში ორი მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულთა საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
წავკისში ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულთა საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ითხოვს, დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდოთ.
წავკისში მომხდარ მკვლელობაზე სამი პირია დაკავებული.
ორ დაკავებულს, გიორგი და ნიკოლოზ აბულაძეებს ბრალი ედებათ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, ასევე კიდევ ორი პირის დაჭრაში. დაკავებულები მამა და შვილი არიან. მესამე დაკავებულს კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო წაუყენეს.
გამოძიების ინფორმაციით, ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან – გ.ა-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.