Washington Post-ი - ტრამპი ევროკავშირში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს
Washington Post-ი - ტრამპი ევროკავშირში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს

ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროკავშირში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს.

„მოახლოებული ნატო-ს სამიტის წინ, როცა ტრამპს ევროპაში გამგზავრება მოუწევს, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვიერი თავდასხმა ევროკავშირზე, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მრავალწლოვან მეგობრობასა და მოკავშირეობას აკნინებს“, – წერს სტატიის ავტორი ჯოშ როგინი.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, Washington Post-ში წერია, რომ ორი თვის წინ, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დონალდ ტრამპმა ურჩია, დატოვოს ევროკავშირი, ამის სანაცვლოდ კი მომგებიანი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას დაჰპირდა.

ზემოთ ხსენებული ინფორმაცია ამერიკულ გამოცემას თეთრმა სახლმა არ დაუდასტურა, თუმცა Washington Post-ის ჟურნალისტს ევროკავშირის მიმართ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულების მაგალითად სტატიაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლიდან ამონარიდი მოჰყავს.

„რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ დაკოტაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა: „ევროკავშირი იმ მიზნით შეიქმნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებისგან სარგებელი მიეღო. ამის შემდეგ ტრამპმა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის წარსულში არსებული სავაჭრო ურთიერთობები გააკრიტიკა“, – წერია Washington Post-ის სტატიაში.

სტატიის ავტორი ჯოშ როგინი ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გართულების ყველაზე ნათელ მაგალითად გაძვირებულ ტარიფებს ასახელებს.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფი იანვარში დაუწესა, ხოლო განკარგულებას ხელი მარტში მოაწერა. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მონრეალში გამართულ დიდი შვიდიანის სამიტზე ლიდერები შეეცადნენ, გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი გადაერწმუნებინათ, თუმცა დონალდ ტრამპი მიღებული გადაწყვეტილების ერთგული დარჩა.

პროტექციონიზმის მომხრე პრეზიდენტი დაუფარავად აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლებში მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის, რაც შიდა წარმოებას აზარალებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოლადისა და ალუმინის ინდუსტრია შტატებში ხელახლა უნდა აღორძინდეს.

ევროკავშირთან, კანადასთან და მექსიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე 25%-იანი ტარიფი ევროკავშირმაც დააწესა. კანონი ძალაში 2018 წლის 22 ივნისს შევიდა. საუბარია თითქმის სამი მილიარდი ევროს ოდენობის პროდუქციაზე, მათ შორის თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლებზე, ასევე სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე, ამერიკულ მოცვსა და არაქისის კარაქზე.