Washington Post-მა ქართული ქარვის ღვინის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ქართული ქარვის ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი დეივ მაკინტაიარი აღნიშნავს, რომ ნარინჯისფერი ღვინის ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა ღვინის სამშობლოდ წოდებულ ქვეყანაში, საქართველოში მას ქარვის ღვინოს უწოდებენ, რაც უფრო ზუსტად შეესაბამება ღვინის ფერს.
„ნარინჯისფერი ღვინო კავკასიის მთებში მდებარე საქართველოსთან ასოცირდება და სავარაუდოდ ისეთივე ძველია, როგორც თავად ღვინო. საქართველო აცხადებს, რომ ის ღვინის სამშობლოა, უახლესი არქეოლოგიური მტკიცებულებები 8 ათასი წლით თარიღდება“,-წერს ავტორი.
„როგორია ნარინჯისფერი ღვინო? მისი დასახელებაც კი სადავოა. ქართველი მეღვინეები მას ქარვის ღვინოს უწოდებენ, რაც უფრო ზუსტად შეესაბამება ღვინის ფერს.როგორც არ უნდა ვუწოდოთ მას, ნარინჯისფერი თუ ქარვის, ის თეთრი ღვინოა“,- – აცხადებს დეივი და მკითხველს ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიას უხსნის.
„წითელი ღვინის დაყენების ტექნოლოგიის მსგავსად, ქარვისფერი ღვინოც ფერმენტაციის პროცესს დაჭყლეტის შემდეგ ყურძნის მარცვალზე შენარჩუნებული ყურძნის კანით გადის, რაც ღვინოს ქარვისფერ შეფერილობას აძლევს. ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდი, რამდენიმე თვის განმავლობაში მის ქვევრში, მიწაში დაფლულ თიხის ჭურჭელში დაძველებას გულისხმობს “.- ვკითხულობთ სტატიაში.
დეივ მაკინტაიარს სტატიაში ამერიკა -საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტის, მამუკა წერეთლის ციტატა მოჰყავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქარვის ღვინო ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სტუმართმოყვარე რეპუტაციის შექმნაში.