„არაბული სამყაროს რკინის ფარდა“ – Washington Post-მა გაუჩინარებული ჟურნალისტის ბოლო წერილი გამოაქვეყნა
„არაბული სამყაროს რკინის ფარდა“ – Washington Post-მა გაუჩინარებული ჟურნალისტის ბოლო წერილი გამოაქვეყნა

„არაბული სამყაროს რკინის ფარდა“ – Washington Post-მა გაუჩინარებული ჟურნალისტის ბოლო წერილი გამოაქვეყნა. პუბლიკაცია, რომელშიც ჯამალ ხაშოგი არაბული ქვეყნების მთავრობების მხრიდან თავისუფალ პრესაზე გაზრდილ ზეწოლაზე საუბრობს, ამერიკულმა გამოცემამ რეპორტიორის გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო.

„არაბული ქვეყნების მთავრობა დღითიდღე უფრო მეტად ცდილობს ჩაახშოს ის პრობლემები, რომლებიც თავისუფალ მედიას აქვს. იყო დრო, როდესაც ჟურნალისტებს სჯეროდათ, რომ ინტერნეტი გაათავისუფლებს ახალ ამბებს ცენზურისა და კონტროლისგან, რაც ბეჭდურ მედიაში დიდი დოზით იყო. თუმცა ეს მთავრობები, რომელთა არსებობაც დამოკიდებულია ინფორმაციის კონტროლზე, აგრესიულად ბლოკავს ინტერნეტს.

არაბული სამყარო „რკინის ფარდის“ ახალ ვერსიას შეეჯახა, რომელიც მათ არა გარე ძალებმა, არამედ ძალაუფლებისთვის მებრძოლმა შიდა ძალებმა მოახვიეს თავს“, – წერს ჯამალ ხაშოგი.

ჟურნალისტი წერს, რომ მედიაზე ზეწოლის გამო არაბი მოქალაქეები არაინფორმირებულები ან დეზინფორმირებულები არიან, რის გამოც მათ არ შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბევრი არაბი ჟურნალისტი არ საუბრობს კოლეგების მასობრივ დაკავებებზე, ხოლო საერთაშორისო უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით შემოიფარგლებიან და მეტს არაფერს აკეთებენ.

„ეგვიპტის ხელისუფლების მიერ გაზეთ „ალ-მასრი ალ-იაუმი“-ის მთელი ტირაჟის ხელში ჩაგდებამ კი შეშფოთებაც კი არ გამოიწვია“, – აცხადებს ხაშოგი.

მისივე თქმით, 2011 წელს არაბული სამყარო იმედებით აღივსო, თუმცა იმედი არ გამართლდა და საზოგადოება მანამდე არსებულ სტატუს კვოს დაუბრუნდა ან უფრო ხისტ პირობებში აღმოჩნდა.

როგორც Washington Post-ში აცხადებენ, აღნიშნული პუბლიკაციის დაბეჭდვას რედაქცია ჯამალ ხაშოგისთან შეხვედრის შემდეგ აპირებდა, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ სტატიის გამოქვეყნება გადაწყვიტეს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს.