Warner Brothers-ი „ბეჭდების მბრძანებელზე“ სერიალის გადაღებას გეგმავს
კინოკომპანია Warner Brothers-ი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ტრილოგიაზე „ბეჭდების მბრძანებელი“ სერიალის გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Variety-მ გაავრცელა.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ კინოკომპანიასთან მოლაპარაკებებში სტუდია „ამაზონის“ დირექტორი ჯეფ ბეზოსი ჩაერთვება. სწორედ „ამაზონი“ ფლობს ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ტრილოგიაზე საავტორო უფლებებს.
ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანის, „ბეჭდების მბრძანებლის“ შექმნას ოქსფორდის პროფესორმა და მწერალმა, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა 10 წელზე მეტი მოანდომა. წიგნი, რომელიც თავდაპირველად უკვე გამოცემული რომანის, „ჰობიტის“ გაგრძელებად იყო ჩაფიქრებული, რეალურად უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა. ავტორმა სიუჟეტი სამ ნაწილად გაყო: „ბეჭდის საძმო“, „ორი ციხე-კოშკი“ და „მეფის დაბრუნება“.
ფენტეზის ჟანრის კლასიკაზე შექმნილია ვიდეოთამაშები, ანიმაციური ფილმები, ხოლო რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა 2001 წელს „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ნაწილი გადაიღო, რასაც მალევე მოჰყვა ტრილოგიის გაგრძელება. ჯექსონის ეკრანიზაცია ერთ-ერთი საუკეთესო კინონამუშევრადაა აღიარებული, რომელმაც ჯამში ამერიკის კინოაკადემიის 17 ოქროს ქანდაკება დაიმსახურა.