წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი - აშშ-ის კონსტიტუციაში ტრამპის სახით გამონაკლისი არ არსებობს, პრეზიდენტმა სამხედრო ქმედება კონგრესის თანხმობის გარეშე განახორციელა
პრეზიდენტმა სამხედრო ქმედება კონგრესის თანხმობის გარეშე განახორციელა, ეს იყო სამხედრო და არა სამართალდამცავი ქმედება, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ტრამპის სახით გამონაკლისი არ არსებობს. პრეზიდენტმა სამხედრო ქმედება კონგრესის თანხმობის გარეშე განახორციელა. ეს იყო სამხედრო და არა სამართალდამცავი ქმედება, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ახლა ადმინისტრაციის წევრები“, – განაცხადა ჯეფრისმა.
ჯეფრისის თქმით, უახლოეს საათებში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით დახურული შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც აპირებს, მოისმინოს დეტალები აღნიშნული ოპერაციის შესახებ.
მისივე თქმით, აინტერესებს, როგორ გეგმავენ ვენესუელის „მართვას“.
„რა გეგმები არსებობს ახლა, როდესაც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის მართავს ვენესუელას? არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს დღეს ადმინისტრაციის მხრიდან და ამ კვირის ბოლოს, როდესაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მთელი წარმომადგენლობისთვის ბრიფინგს ჩაატარებენ“, – აღნიშნა ჯეფრისმა.