წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საგარეო ოპერაციების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 29 კანონმდებელმა, 21 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებდა, რომელსაც განხილვის დროს შესწორებები არ შეეხო და პირველადი სახით დამტკიცდა. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე.
ბოლო პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ.
ამასთანავე, სახელმწიფო მდივანს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული პუნქტის გამოყენებაზე, თუკი განსაზღვრავს და ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.
დაფინანსების ნაწილის შეჩერების გარდა, გასული წლის მსგავსად, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მიიღებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ან/და აღნიშნულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. ასევე, აღნიშნული კანონპროექტით გამოყოფილი რამე დაფინანსება არ შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
დოკუმენტის მიხედვით, სახაზინო მდივანმა აშშ-ის თითოეული ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს უნდა მისცეს ინსტრუქცია, გამოიყენონ ხმა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთი ინსტიტუტის მხარდაჭერას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კანონპროექტში საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად აშშ-ის კრიტიკული მნიშვნელობის მოკავშირედაა მოხსენიებული, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინა ხაზზე იმყოფებიან. ასევე აღნიშნულია, რომ მოკავშირეების უსაფრთხოება და სტაბილურობა პირდაპირ გავლენას ახდენს აშშ-ზე.
დაფინანსება გათვალისწინებულია კიბერუსაფრთხოების, ნარკოტიკების კონტროლისა და სამართალდამცავი სტრუქტურისთვის, ასევე სამხედრო სფეროსთვის.
აღსანიშნავია, რომ 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტი 8.46 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი და 65.87 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბიუჯეტის კანონპროექტში საკომიტეტო განხილვის დროს შესწორებები შეეხო ღაზის სექტორისა და დასავლეთ ნაპირის, ასევე აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსების საკითხებს.