Wall Street Journal - თეთრი სახლი ტრამპის და პუტინის შეხვედრას ამზადებს
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება დაიწყო. ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, სამიტის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთო აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ ჰანთსმანი.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მხარეები სამიტზე სირიასა და უკრაინაში მიმდინარე რთულ პროცესებზე იმსჯელებენ, რაზეც აშშ-სა და რუსეთს რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ. ასევე განიხილება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც ცივი ომის შემდეგ დღეს ყველაზე დაძაბულია.
ხუთი თვის წინ აშშ-ის პროკურატურამ რუსეთი საინფორმაციო ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა.
დამოუკიდებელი პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ მიწოდებული მასალების შედეგად, 2018 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის 13 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათგან სამს კრემლის კონსპირაციულ პროექტ „ლახტა“-ში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, ხუთს კი ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან. ბრალდებაში დასახელდა სამი რუსული კომპანიაც, მათ შორის ე.წ. ტროლების ქარხანა.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტეინმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ინფორმაციული ომი ღიად გამოუცხადა. ორი თვის თავზე კი აშშ-მ რუსი ოლიგარქებისა და სახელმწიფო მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.