Wall Street Journal – თეთრი სახლი ტრამპის და პუტინის შეხვედრას ამზადებს

15:22, 02.06.2018

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება დაიწყო. ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, სამიტის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთო აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ ჰანთსმანი.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მხარეები სამიტზე სირიასა და უკრაინაში მიმდინარე რთულ პროცესებზე იმსჯელებენ, რაზეც აშშ-სა და რუსეთს რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ. ასევე განიხილება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც ცივი ომის შემდეგ დღეს ყველაზე დაძაბულია.

ხუთი თვის წინ აშშ-ის პროკურატურამ რუსეთი საინფორმაციო ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა.

დამოუკიდებელი პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ მიწოდებული მასალების შედეგად, 2018 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის 13 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათგან სამს კრემლის კონსპირაციულ პროექტ „ლახტა“-ში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, ხუთს კი ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან. ბრალდებაში დასახელდა სამი რუსული კომპანიაც, მათ შორის ე.წ. ტროლების ქარხანა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტეინმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ინფორმაციული ომი ღიად გამოუცხადა. ორი თვის თავზე კი აშშ-მ რუსი ოლიგარქებისა და სახელმწიფო მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

მსგავსი