Wall Street Journal - კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ეჭვით Microsoft-ზე გამოძიება მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურა და მარეგულირებელი ორგანო ცნობილი ამერიკული კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის Microsoft-ის ირგვლივ ძიებას აწარმოებენ, – ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანია უნგრეთში კორუფციულ სქემაში იყო ჩართული.
შტატების სამართალდამცავი უწყება და ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ზედამხედველი კომისია Microsoft-ის უნგრეთში საქმიანობას სწავლობენ. კონკრეტულად, ორივე უწყება იძიებს, როგორი იყო სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანია Word-ისა და Excel-ის კომპიუტერულ პროგრამებს შუამავალ კომპანიებზე მაღალი ფასდაკლებით ყიდდა.
ორივე ორგანოს მიერ შედგენილ ანგარიშში მითითებულია, რომ 2013-2014 წლებში Microsoft-ის კლიენტი შუამავალი კომპანიები ფასდაკლებით შეძენილ კომპიუტერულ პროგრამებს სამთავრობო სააგენტოებზე იმდენად ძვირად ჰყიდდნენ, რომ ფასი ფაქტობრივად პროდუქციის ჩვეულებრივ ფასს უტოლდებოდა.
საგამოძიებო ორგანოები არკვევენ, ხომ არ ითვალისწინებდა შუამავალი საბითუმო კომპანიების მაღალი ფასით მიღებული მოგება მაღალჩინოსნებისთვის მისაცემ ქრთამსაც.
Microsoft-ი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.