The Wall Street Journal - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჩინეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჩინეთი აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. პენსმა გუძონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პეკინს მობილიზებული ჰყავს ჯაშუშები და ორგანიზაციები, რომელთა მიზანი აშშ-ის პოლიტიკაზე ამერიკლების შეხედულების შეცვლაა.
მისივე თქმით, ჩინეთის ქმედებები გაცილებით სერიოზულია, ვიდრე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა.
„ის, რასაც ჩინეთი ჩვენს ქვეყანაში აკეთებს, გაცილებით სერიოზულია და ჩრდილავს რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევას“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგას, რათა აშშ-ში საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა მოახდინოს.
„ისინი მანიპულირებენ ისეთი თემებით, რომლებიც მოქალაქეებში უთანხმოებას იწვევს. მაგალითად, სავაჭრო ტარიფები. ეს ყველაფერი ჩინეთის გავლენის გაზრდისკენაა მიმართული“, – განცხადა პენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა.