ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ისრაელელი ინვესტორები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წალკის კანიონზე არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა.
„მადლობა კომპანია „კასს ლენდს“, რომელმაც 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და შექმნა 250 სამუშაო ადგილი, ვულოცავ წალკას და მთელ ქვეყანას. ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავე დროს, ეკოტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებით განვითარება. ეს უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ მოხდა შერწყმა ერთი მხრივ, დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორე მხრივ, ასეთ თანამედროვე მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი და ებრაული კომპანია. ასევე მინდა, აღვნიშნო, ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სერვისების განვითარებას. სწორედ ეს არის სწრაფი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯი. მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიზნესი იყოს დაცული, რათა ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ბიზნესმენებმა. საქართველო მეშვიდე ადგილზეა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობები არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიაა და ეს ხელს უწყობს, რომ ასეთი მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ქვეყანაში, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. მადლობა ასეთი უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის და მჯერა, ეს ადგილი ძალიან ბევრ ტურისტს შეაყვარებს თავს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უნიკალური კომპლექსის დამთვალიერებლებს შთამბეჭდავი სანახაობა ელოდებათ – პანორამული გადასახედები, ლამაზი ხედები, კასკადურ ჩანჩქერებამდე მიმავალი ბილიკები, ვიზიტორებისთვის კოტეჯები, ხიდის შუაში 200 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილი ორიგინალური ფორმის კაფე.
კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები ისრაელის კომპანია KASS LAND-მა განახორციელა. მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე წალკის (დაშბაშის) კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს 15 ივნისიდან უმასპინძლებს.