წალენჯიხის არჩეული მერი გიორგი ხარჩილავა - წალენჯიხის თვითმმართველობა იქნება მუდმივ რეჟიმში გამრღვევი ინიციატორი
წალენჯიხის არჩეული მერი გიორგი ხარჩილავა - წალენჯიხის თვითმმართველობა იქნება მუდმივ რეჟიმში გამრღვევი ინიციატორი

ერის საერთო სტრატეგია თავისუფლებისკენ იხედება და ეს ადამიანები ზუსტად მიდიან მიზნისკენ, ეს არის პრეზიდენტის და ერის თავისუფლება. რაც უფრო ხმამაღალი იქნება ოპოზიციის ხმა, მით უფრო დაიხევს უკან ხელისუფლება და წამოვა დათმობებზე, – ამის შესახებ წალენჯიხის არჩეულმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეკრებილების ხმა არის საბოლოო შედეგის მომტანი.

„ეს არის მაგალითის ძალა. ჰკითხულობდნენ, რას ნიშნავს მაგალითი ან ერთი კაცის თავგანწირვა. აი, ეს არის მაგალითის ძალა, რომ გადამდებია. ამიტომ ხელისუფლების სტრატეგია ამ შემთხვევაში, უძლურია, რადგან ერის საერთო სტრატეგია შორს იხედება. თავისუფლებისკენ იხედება და ეს ადამიანები ზუსტად მიდიან მიზნისკენ – ეს არის პრეზიდენტის, ერის თავისუფლება. რაც უფრო ხმამაღალი იქნება ოპოზიციის ხმა, მით უფრო დაიხევს უკან ხელისუფლება და წამოვა დათმობებზე. ამ ადამიანების ხმა არის საბოლოო შედეგის მომტანი“, – განაცხადა ხარჩილავამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომ ის გადაყვანილია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ეს იმ ადამიანების დაუფასებლობაა, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის არიან გულანთებული.

„სრული ცინიზმი და დაუფასებლობაა იმ ადამიანების, რომლებიც ანთებული ვართ კონკრეტული მიზნისთვის. ადამიანს სჭირდება დიალოგი, გადაწყვეტილებებში თანამონაწილეობა და ეს ხელისუფლება ჩვენ არ გვთვლის სახელმწიფოს თანამონაწილედ. ამიტომ აი, აქ ვიბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ქართველ ამომრჩეველთან, ქართველ მოქალაქესთან იყოს შეთანხმებული.

ამ აქციაზე მიმართულება, რომელიც ერს აქვს აღებული ცვლილებებისკენ, თვითმმართველობის საუკეთესო მოდელს დაამკვიდრებს და ეს მოდელი მოტანილი იქნება ამ ხალხის ბრძოლის მიერ – საუკეთესო თვითმმართველობა თვისებებით, შინაარსებით და ხარისხებით საქართველოში. ამ მოძრაობის მიზანი არის ადამიანის დაბრუნება ხელისუფლებაში და დიალოგში, დიალოგის მხარედ. კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს წალენჯიხის თვითმმართველობა და წალენჯიხის თვითმმართველობა იქნება მუდმივ რეჟიმში გამრღვევი ინიციატორი, რათა საქართველოს ხელისუფლებამ მოუსმინოს ადგილებიდან ინიციატივას და თვითმმართველობა, როგორც საერთო ხედვა, ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს. ამ შემთხვევაში, წალენჯიხას ფეხდაფეხ სჭირდება აყოლა. ამ აქციის თემა არის უფრო დიადი, რომელიც კონსტიტუციურ გარღვევებსაც, საკანონმდებლო გარღვევებსაც, ახალ საპარლამენტო არჩევნებზე მომავალი ხედვების მოტანას და ახალი ხელისუფლების შემობრძანებით საქართველოს ნახტომისებურ დემოკრატიულ განვითარებას განაპირობებს“, – განაცხადა ხარჩილავამ.