წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავას დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის საფარის პირველი ფენის დაგება ხორციელდება.
გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, ეზოებში შესასვლელები, მოხდება მდინარე ოლორის საავტომობილო ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივებს გზის მშენებლობა სოფელში წინა ვიზიტის დროს დაპირდა.
მუჟავას გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება