ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, პარალელურად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, არ შეასრულონ ევგენი პრიგოჟინის ბრძანებები
მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ჯავშანტრანსპორტიორებმა სახელმწიფო დუმის შენობასთან ჩაიარეს.
პარალელურად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, არ შეასრულონ ევგენი პრიგოჟინის დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ბრძანებები და დააკავონ იგი.
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ვლადიმირ ალექსეევმა „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, რომ ბრძანებები შესაძლოა, მხოლოდ უმაღლესმა მთავარსარდალმა გასცეს, რომელსაც „ვაგნერმა“ ზურგში დაარტყა.
ვლადიმირ ალექსეევის განცხადებით, პრიგოჟინის მოქმედება სახელმწიფო გადატრიალებაა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, როსტოვში, სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე ათეული ბორტით გაუშვეს.
ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამას მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვება. „ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადამეღობება“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.
პრიგოჟინის ბრალდება უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ინფორმაცია და აუდიომასალა კი, ინფორმაციული პროვოკაციაა“.
ამასთან, სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.