უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩვენ ორიენტირებული ვიყავით შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტზე. უკრაინამ უკვე წარმატებით გამოიყენა ალტერნატიული გზა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან ოდესის რეგიონის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. მადლობა გადავუხადე დიდ ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელის თქმით, სუნაკმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს პროგრესს დიდი შვიდეულის ქვეყნებთან რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ბლოკადის დაძლევაში.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევაზე და ამჟამინდელ სამხედრო საჭიროებებზე, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გამოხატა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა და მიესალმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესს ბრძოლის ველზე“,- აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ბლოკადის გავლენაც როგორც უკრაინაზე, ასევე მთელ მსოფლიოში სურსათის მიწოდებაზე.