ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტის შემდეგ, მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ აშშ-ში უკრაინის ელჩი გაათავისუფლოს
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, გაათავისუფლოს აშშ-ში უკრაინის ქვეყნის ელჩი ოქსანა მარკაროვა. ამის შესახებ AP წერს.
აღნიშნული მოწოდება ჯონსონმა რესპუბლიკელების მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის ფონზე გააკეთა. ისინი ზელენსკის პენსილვანიის შტატში ჩასვლის გამო აკრიტიკებენ.
„ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც დემოკრატების დასახმარებლად იყო გამიზნული. ცხადია, რომ ეს არის არჩევნებში ჩარევა“, – წერს ჯონსონი ზელენსკის წერილში.
ჯონსონის თქმით, არცერთი რესპუბლიკელი არ იყო მიწვეული იმ ტურში, რომელიც აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას მიერ იყო დაგეგმილი.
ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტს კი სპიკერმა პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა.
„ამან გამოიწვია რესპუბლიკელების მხრიდან ნდობის დაკარგვა ელჩ მარკაროვას მიმართ, რომ მას შეუძლია, სამართლიანად და ეფექტურად იმსახუროს, როგორც დიპლომატმა ამ ქვეყანაში. იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თავისი პოსტიდან“, – ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, „ფოქს ნიუსმა“ დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეს ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მედია წერს, კომიტეტმა უნდა დაადგინოს, გამოიყენა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტისთვის.