ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჯო ბაიდენმა პირადად გადასცა, რომ ახლა არ არის დრო უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჯო ბაიდენმა პირადად გადასცა, რომ ახლა არ არის დრო უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ზელენსკიმ სააგენტო „როიტერისა“ და ტელეკომპანია „სიენენისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორები, თუ ისინი არ არიან მზად, მიიღონ უკრაინა ნატო-ში, რადგან რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა იყოს ნატო-ში, უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას, ჩვენი საზღვრების დაცვას, ყველა ჩვენს მეზობელთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს, ჩვენს სრულ უსაფრთხოებას და იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები ამას იურიდიულად უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მოუწოდა ნატო-ს, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ რუსული ავიაციის შესაჩერებლად. მისი თქმით, ეს იქნება პრევენციული ზომა და არა ალიანსის რუსეთთან ომში ჩათრევა. თუმცა, ზელენსკიმ აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას პირადად გადასცა, რომ ახლა ამგვარი ზომის მიღების დრო არ არის.

„საუბარი არ არის ნატო-ს ქვეყნების ამ ომში ჩართვაზე. სიმართლე იმაშია, რომ ყველა დიდი ხანია, ჩათრეულია ამ ომში და ცალსახად არა უკრაინის, არამედ რუსეთის მიერ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი“ – აღნიშნავს ზელენსკი.

რუსეთთან არსებით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კი, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა.

„აუცილებელია, სულ მცირე, შეწყდეს ხალხის დაბომბვა, უბრალოდ შეწყდეს დაბომბვა და შემდგომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში უკრაინის მარცხის შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის საფრთხეებზეც გაამხვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, მთელი ეს რუსული ჯარი იქნება თქვენი ნატო-ს წევრი ქვეყნების საზღვრებზე და თქვენ იმავე საკითხის წინაშე აღმოჩნდებით“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.