ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი მოვლენებზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი მოვლენებზე.
„ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო რუსეთში დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხი გაიხსენა და აღნიშნა:
„აჯანყებულები მოსკოვისკენ როცა მიემართებიან, მათ არავინ აჩერებს და როცა დაღესტანში ძალაუფლების ვერტიკალის ნგრევა ხდება, ეს ნამდვილი ამბოხია. ეს ყველაფერი არის სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ამ დროისთვის შეუძლია, განაგრძოს სამხედრო ოპერაციები და გააძლიეროს ზეწოლა ფრონტის ზოგიერთ ხაზზე, მაგრამ მას სტრატეგიულად არ შეუძლია, გაუძლოს ამ დაპირისპირებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.