ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან შეხვედრისას ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან შეხვედრისას ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰიროსიმაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილა.

„შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის რიგი ქვეყნების მხრიდან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას და 5 ივნისის შემდეგ მისი გახანგრძლივების დაუშვებლობას“, – აღნიშნეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში.

ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ასევე განიხილა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

ამას გარდა, ზელენსკიმ და მიშელმა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე ისაუბრეს.

თავად შარლ მიშელი ზელენსკისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და შეხვედრის შემდეგ დაწერა: „უკრაინა უდრეკია, როგორც ჩვენი მხარდაჭერა და მეგობრობა. დიდება უკრაინას“.