ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს მიმართა - თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია, მოდით, გავაკეთოთ ეს, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს მიმართა - თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია, მოდით, გავაკეთოთ ეს, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი

თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს შეხვდა როგორც სენატიდან, ისე წარმომადგენელთა პალატიდან. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.

ამერიკელმა კონგრესმენებმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა აპლოდისმენტებით 10-ჯერ გააწყვეტინეს.

„სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს. მისი თქმით, მსოფლიო იმდენად ურთიერთდაკავშირებულია, რომ ვერავინ შეძლო უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის იგნორირება.

„ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება იგნორირებულ იქნას იმ იმედით, რომ ვინმე სხვა გაგვიწევს დაცვას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ბახმუტში ვიზიტზეც და აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ყველა შესაძლებლობას ქალაქის წინააღმდეგ, თუმცა ბახმუტი ხაზებს ინარჩუნებს და არასდროს დანებდება.

ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას ასევე აღნიშნა, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტირებაა დემოკრატიაში. მან მოუწოდა კონგრესს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ.

„თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. თქვენს შესაძლებლობებშია, დაგვეხმაროთ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი. მოდით, გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ზიანი.

გასულ წელს ბახმუტში 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრებია. მიწის თითოეული ინჩი სისხლითაა მორწყული. დონბასი ხელიდან ხელში გადადიოდა სასტიკი შეტაკებებისა და ხელჩართული ბრძოლისას, თუმცა უკრაინის დონბასი დგას. რუსეთი ბახმუტისა და სხვა ლამაზი ქალაქების წინააღმდეგ იყენებს ყველაფერს, რაც გააჩნია. ოკუპანტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ არტილერიაში. მათ აქვთ უპირატესობა საბრძოლო მასალებში, აქვთ მეტი რაკეტები და თვითმფრინავები, ვიდრე ოდესმე გვქონია, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დიახ, უკრაინამ უკვე წარადგინა შეთავაზებები, რაც ახლახან განვიხილე პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენი მშვიდობის ფორმულა 10-პუნქტიანია, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ერთიანი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბაიდენმა დღეს მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. თითოეულ თქვენგანს შეუძლია დახმარების გაწევა ამის რეალიზაციისას, რათა ამერიკელების ლიდერობა დარჩეს მტკიცე, ორპალატიანი და ორპარტიული“, – განაცხადა ზელენსკიმ.