ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისი ავრცელებს.

მოგვიანებით, უკრაინის ლიდერმა მარიინსკის სასახლეში უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.

უკრაინამ 6 დეკემბერს ქვეყნის შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნა. ამ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა, შემდეგ კი ხარკოვში გაემართა, სადაც ექიმებს შეხვდა და სამხედროები დააჯილდოვა.

„რვა წელი და უკვე 286 დღე უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს ოკუპანტისგან, რუსეთის აგრესიისგან. ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა, რომ დადგეს დღე, როდესაც ჩვენს მიწაზე არ იქნება არცერთი ოკუპანტი, როდესაც ჩვენი ყველა მოქალაქე კვლავ იქნება თავისუფალი. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველას ხსოვნას, ვინც დაიღუპა ბრძოლის ველზე ჩვენი სახელმწიფოსთვის, უკრაინისთვის, ვისი სიცოცხლეც გახდა უკრაინის სიმამაცის გმირული ისტორიის ნაწილი. ჩემთვის პატივია, მთელი დღე ჩვენს დამცველებთან გავატარო. დილით ვიმყოფებოდი დონეცკის ოლქში, მადლობა გადავუხადე მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე იცავენ. ვიმყოფებოდი ხარკოვის ოლქში, მადლობა გადავუხადე ექიმებს, რომლებიც უდრეკი მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის ტყვეობიდან 60 უკრაინელი სამხედროს გათავისუფლების შესახებ.

„ჩვენ სახლში რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 60 მებრძოლის დაბრუნება შევძელით. გავაგრძელებთ ჩვენების დაბრუნებას და ყველას გავათავისუფლებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.