უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დონეცკის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია იმ ბრიგადების შტაბებს, რომლებიც „სოლედარის“ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში შეტევით მოქმედებებს აწარმოებენ.
პრეზიდენტმა მოისმინა ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებასა და სხვადასხვა სახის შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებული ანგარიშები. ასევე, ოფისში აღნიშნეს, რომ ზელენსკიმ განიხილა პრობლემური საკითხები, რომლებსაც სამხედროები აწყდებიან. როგორც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, უკრაინელმა სამხედროებმა ზელენკის აცნობეს შეიარაღების, საბრძოლო მასალების და ტექნიკის საჭიროებები, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვადასხვა სახეობის უპილოტო საფრენი აპარატების.